გიგი დედალამაზიშვილი
გიგი დედალამაზიშვილი ყველასთვის ცნობილი ბენდ ,,მგზავრების” უცვლელი წევრი და ლიდერია. ,,თეატრის” სცენაზე მან სამსახიობო როლიც მოირგო და საკმაოდ წარმატებით. გიგიმ მონაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ მიუზიკლებში, როგორიცაა ,,ჩიკაგო” და ,,მამა მია” და როგორც თავად ამბობს, დაუვიწყარი გამოცდილება შეიძინა.
გიგი, მსმენელი დიდი ხანია უკვე კარგად გიცნობთ ,,მგზავრებიდან”, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პროფესიით მსახიობი ხართ. რამ გიბიძგათ, რომ გარდა თქვენი წარმატებული მუსიკალური კარიერისა, მსახიობის როლიც მოგერგოთ? და როგორი იყო თქვენი დაბრუნება დიდ სცენაზე ამ ამპლუაში?
დაბრუნება იყო მოულოდნელი, რადგან ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, რომ 15 წლის მერე დავბრუნდებოდი სცენაზე, როგორც მსახიობი.
ზაალ ჩიქობავამ დამაბრუნა სცენაზე, როგორც მსახიობი და ახლა უკვე ძალიან ბედნიერი ვარ. თავიდან გამიჭირდა, იმიტომ რომ რთული იყო ადაპტაციის პროცესი. თუმცა შემდეგ გამარტივდა, ცურვასავით ყოფილა.
,,თეატრი” ქართულ რეალობაში სრულიად ახალი კონცეფციაა, თქვენ რამ მიგიზიდათ ამ სივრცეში ყველაზე მეტად?
იმ ფაქტმა, რომ უნიკალურია და ასეთი ჟანრი, მსგავსი კონცეფციის მიუზიკლები საქართველოში არ არის. ,,თეატრში” ორი რამ არის გაერთიანებული: კულინარია და თეატრი. ორივე ძალიან ეხმარება ერთმანეთს და მთლიანობაში ქმნის საერთო პროდუქტს, საერთო სათქმელს და ეს ძალიან საინტერესოა.
როგორ აბალანსებთ თქვენი, როგორც „მგზავრების“ მთავარი მომღერლის ვალდებულებებს ,,თეატრის” სამსახიობო როლებთან? და თუ არსებობს რაიმე გამოწვევა, რომელიც შეგხვედრიათ თქვენი კარიერის ამ ორი ასპექტის მართვაში?
რთული არ არის ბალანსი, რადგან მყავს დუბლები, რომლებიც თავიდანვე ვიცი, რომ ჩემს გვერდით იქნებიან. მე თუ არ ვიქნები, ისინი შეითავსებენ როლს. აქედან გამომდინარე, არასდროს არ ყოფილა მომენტი, რომ ამ ორ საქმეს ხელი შეეშალა ერთმანეთისთვის.
როგორია ,,თეატრში" მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით ისეთ ლეგენდარულ შოუებში, როგორიცაა "ჩიკაგო" და "Mamma Mia"?
ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან რთული იყო ორივეზე მუშაობა, განსაკუთრებით ,,ჩიკაგოზე”. გამოვყოფ იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ,,ჩიკაგო” ბევრად უფრო რთული სპექტაკლია, ვიდრე ,,მამმა მია”. აქ არის ცეკვა, სიმღერა, საჭიროა სამსახიობო მონაცემები და აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო იყო მუშობა ორივე მიუზიკლზე.
თქვენი მუსიკალური გამოცდილების რა ასპექტები დაგეხმარათ ,,თეატრის” წარმოდგენებს უფრო მარტივად რომ მორგებოდით?
15 წელი რომ ვიდექი სცენაზე, სხვა ამპლუაში, მაგრამ მაინც, დამეხმარა უფრო მარტივად დავბრუნებოდი სამსახიობო სცენას. ეს 15 წელი სხვა რამე რომ მეკეთებინა, სხვა სფეროში რომ ვყოფილიყავი, უფრო გამიჭირდებოდა სცენაზე დაბრუნება.
როგორ წარმოგიდგენიათ ,,თეატრის” მომავალი? რა როლს ითამაშებს ეს უნიკალური სივრცე საქართველოს კულტურული სფეროს განვითარებაში?
მე მგონია, რომ თეატრმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ნიშა და ადგილი. მჯერა, დროთა განმავლობაში ბევრი სხვადასხვა კარგი და წარმატებული სპექტაკლი გვექნება, გვეყოლება ჩვენი მაყურებელი, რომელიც უკვე პრინციპში გვყავს. მათი რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება და გვექნება ძალიან დიდი რეპერტუარი.
ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80