ანდრია გველესიანი

IctSNoT5vD4C.jpg

ანდრია გველესიანი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსი და მსახიობია, რომელიც მსახიობის როლს "თეატრშიც" ირგებს. ანდრიას საკუთარი ბენდი ჰყავს და მათი მოსმენა ხშირად ,,თეატრის” სივრცეშიც შესაძლებელია. როგორ აბალანსებს ანდრია გველესიანი ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ პროფესიას და რას ნიშნავს მისთვის ,,თეატრი”, ამაზე თავად მოგვიყვება.

შეგიძლიათ მოგვიყვეთ როგორ დაიწყო თქვენი გზა მუსიკალურ სამყაროში და რამ შთაგაგონათ შეგექმნათ საკუთარი ბენდი?

მუსიკალურ სამყაროში ჩემი გზა დაიწყო ალბათ დაბადებისთანავე. გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას შვილი რომ მყავს, ახლა უფრო ვხვდები. გარდაუვალი იყო ალბათ, იმიტომ რომ ჩემები ყველანი მღეროდნენ, ყველა მუსიკაში იყო და რაღაცნაირად მეც ბავშვობიდან. თუმცა ჩემი პირველი ნაბიჯები ბებიაჩემის წყალობით გადავდგი. მან მასწავლა პირველი ორი სიმღერა: „რა მადლიანად ანათებ“ და „ო სელე მიო“ ნეაპოლიტანური სიმღერა.

რა იყო მთავარი მიზეზი გამხდარიყავით "თეატრის" დასის ნაწილი?

დიდი მეგობრობა და მანამდეც უკვე თანამშრომლობა ზალიკო ჩიქობავასთან, ჩვენს რეჟისორთან. მას ვენდობოდი და რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ჯადოსნურმა სიტუაციამ, რაც აქ მოსვლისთანავე დამხვდა. დავიწყეთ ,,მამმა მიათი”. დღესაც ვთამაშობთ ამ მიუზიკლს და ისევ ის ჯადოსნობა იგრძნობა, რომელმაც ჩამითრია და მომხიბლა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.

ისეთ ცნობილ მიუზიკლებში მონაწილეობის მიღება, როგორიცაა "ჩიკაგო" და "Mamma Mia" მოითხოვს სამსახიობო და მუსიკალური უნარების შერწყმას. როგორ მოერგეთ ამ განსხვავებულ კონცეფციას?

მე ვიტყოდი, რომ მანამდეც მქონდა მიუზიკლების დიდი გამოცდილება - ,,ჩხიკვთა ქორწილი” და ასე შემდეგ. მიუზიკლი ეს არის ჟანრი, სადაც მე ვაერთიანებ ჩემს სამსახიობო ხელოვნებასა და მუსიკალურ ხელოვნებას, ამას ემატება ცეკვა, რითაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და ყველაზე ბედნიერი ვარ, მაშინ, როცა მიუზიკლში ვთამაშობ.

მიუზიკლებში ნათამაშები პერსონაჟების რომელიმე თვისება და ხასიათი, თუ რეზონანსდება თქვენს პიროვნებაზე?

ადამიანს აქვს ყველანაირი ხასიათი და ყველანაირი საწყისი. შესაბამისად, ყველა პერსონაჟმა შეიძლება გაიღვიძოს შენში. თუ ატყობ, რომ კარგია, მერე ამასაც იყენებ ცხოვრებაში. ხშირად მოქმედებს ხოლმე მსახიობებზე როლები, რაც კარგია, რადგან ხშირ შემთხვევაში თავიდან აღმოაჩენ ხოლმე შენს თავს ამა თუ იმ როლის წყალობით.

როგორც მუსიკოსი და მსახიობი, როგორ აბალანსებთ ერთმანეთთან ამ ორ მხარეს? გრძნობთ თუ არა, რომ ისინი გავლენას ახდენენ ერთმანეთზე?

ჩემს შემთხვევაში ეს არ არის მარტივი. მიჭირს, როგორც ალბათ ამ ორი პროფესიის მქონე, ყველა ადამიანს. რთულია ორივე დააბალანსო და რომელიმეს არ დააკლო. თუმცა, მანდაც რაღაცნაირად მიუზიკლი მშველის, რადგან ამ ორივეს აერთიანებს და ჩემ თავს წარმოვიდგენ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ არტისტად. თითქოს ორივე ჩემი საქმეა და ორივე უნდა ვაკეთო. არ ვნებდები, ჯერ ჯერობით თავს ვამრთმევ და მგონია, რომ ასეც გაგრძელდება, სანამ მექნება ამის ენერგია.


გარდა მიუზიკლებისა და სხვადასხვა წარმოდგენებისა, თქვენ ბენდთან ერთად ხშირად იღებთ მონაწილეობას მუსიკალურ პროგრამაში. რით განსხვავდება თქვენს ბენდთან ერთად ,,თეატრის” სივრცეში გამოსვლა ტრადიციული საკონცერტო ადგილებისგან?

ერთხმად შეგვიძლია ვთქვათ, მეც და ჩემმა ბენდმაც, რომ ჩვენთვის ყველაზე მაგარი გარემო კონცერტის ჩასატარებლად ,,თეატრშია”. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მე პირადად ძალიან მიჭირს ხოლმე ნებისმიერ სცენასთან შეგუება. სივრცეს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სცენა კი ძალიან კომფორტულია. გაქვს იმის ფუფუნება, რომ ხელებზე დადგე, თავით იხტუნო და ა.შ..

სივრცე ძალიან დიდია და რაც მთავარია, ძალიან კარგი პროფესიონალები გვყავს, როგორც ხმაზე, დეკორაციაზე, განათებაზე და ნებისმიერი სხვა მომართულებით. მოკლედ, დიდი ფუფუნებაა და მიხარია, რომ ამ ყველაფრის შესაძლებლობა გვაქვს. კარგად ვითვისებთ და ძალიან გვიხდება ეს სცენა, ჩვენც ვუხდებით მას. ასე რომ, წინ კიდევ ძალიან ბევრი გეგმაა.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80