მიუზიკლი "მამმა მია" - წარმოდგენა "თეატრის" სცენაზე

და, აი, ჩვენ აქ ვართ – Mamma Mia!

შიდა გვერდის ბანერი

პირველად საქართველოში „თეატრის“ სცენაზე მიუზიკლი Mamma Mia დაიდგა და ლეგენდარული ABBA-ს სიმღერები ქართულ ენაზე აჟღერდა. სპექტაკლიდან ნაწყვეტების ნახვის შესაძლებლობა „თეატრის“ სტუმრებს უკვე ჰქონდათ, თუმცა თებერვალში მისი სრული ვერსიის პრემიერა შედგება.

Mamma Mia-ს დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, ინსცენირება თეა ყიფშიძეს ეკუთვნის, მუსიკალური ხელმძღვანელი თამუნა არჩვაძე, კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ტორიაშვილია.

მიუზიკლში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ქართველი მსახიობები და მუსიკოსები, მათ შორის, ანა ქურთუბაძე, რუსკა მაყაშვილი, ვანიკო თარხნიშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ანდრია გველესიანი, სანდრო კახეთელიძე და საზოგადოებისთვის საყვარელი სხვა არტისტები.

„მიხარია, რომ ჩემი ორი პროფესიის, მსახიობობისა და სიმღერის შერწყმა მოხდა. სულ ვოცნებობდი, რომ მეთამაშა სპექტაკლში, მაგრამ ბევრი გარემო ფაქტორისა და უდროობის გამო ვერ ხერხდებოდა. დღეს კი მომეცა შესაძლებლობა და მონაწილეობას ვიღებ მიუზიკლში Mamma Mia, რომელიც პირველად დაიდგა ქართულ ენაზე. ამასთან ერთად, არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად მიწევს მუშაობა,ზაალ ჩიქობავას ხელმძღვანელობით, რაც პროცესს ორმაგად სასიამოვნოს ხდის“, – ამბობს გიგი დედალამაზიშვილი, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტი.

„ვერც კი წარმომედგინა, ოდესმე თუ მომეცემოდა საშუალება, ლეგენდარული მიუზიკლის „Mamma Mia“-ს პიესაზე მემუშავა. ჩემთვის ჯერ ამოუცნობი განცდითა და ემოციით ვმუშაობ. დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის ჩემს მეგობარ ზაალ ჩიქობავას, რომელიც მენდო და რომელმაც გადაწყვიტა, ამ საოცარ, ახალი ტიპის თეატრში მის გვერდით ვყოფილიყავი.გვეწვიეთ სპექტაკლზე და თქვენც იქეცით სოფის და სქაის ქორწილის სტუმრებად. გპირდებით, არ ინანებთ“, – ამბობს თეა ყიფშიძე, სცენარისტი.

ტრადიციულად, Mamma Mia-ს წარმოდგენისთვის გამორჩეულ ვახშამზე „თეატრის“ ბრენდ შეფი ალექს ნათაძე და მისი გუნდი იზრუნებს.

მიუზიკლ Mamma Mia-ს სრულ ვერსიას „თეატრში“ 14, 15 და 22 თებერვალს იხილავთ. ასე რომ, მოემზადეთ სანახაობისთვის, რომელიც ჯერ არც გინახავთ და არც მოგისმენიათ და რომელზეც დიდხანს ილაპარაკებთ.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80