მამუკა ჩხაიძე - "თეატრის" არქიტექტურა & კონცეფცია

განსხვავებული თეატრი განსხვავებული არქიტექტურული კონცეფციით – ინტერვიუ მამუკა ჩხაიძესთან

1.jpg

„თეატრი“ ბელიაშვილის ქუჩაზე სარესტორნო კომპლექს „წისქვილის“ მიმდებარედ დაპროექტდა. მის განსხვავებულ იერსახეს ერთი თვალის შევლებით გარედანაც შეამჩნევთ, კიდევ უფრო მეტ საინტერესო არქიტექტურულ დეტალს კი თავად პავილიონში აღმოაჩენთ.

რა არქიტექტურული კონცეფცია უდევს „თეატრს“ საფუძვლად, როგორ პასუხობს შინაარსს მისი იერსახე და როგორი იყო მისი შექმნის პროცესი?

ახალ სივრცეზე „სტუდია 9“-ის მთავარ არქიტექტორს, „წისქვილი ჯგუფის“ დამფუძნებელსა და „თეატრის“ პროექტის ავტორს, მამუკა ჩხაიძეს ვესაუბრეთ.

როგორია „თეატრის“ მთავარი არქიტექტურული კონცეფცია?

„თეატრი“ მრავალფუნქციური პავილიონია, დარბაზი, რომელიც მუდმივად ტრანსფორმირდება. ის არის ერთგვარი მობილური სივრცე, სადაც როგორც კინოსტუდიაში, რეჟისორს თავისუფლება ექნება, შექმნას მისთვის სასურველი გარემო.

„თეატრის“ წამყვანი არქიტექტურული ელემენტი კლასიკური სცენაა – სწორედ მის ირგვლივ დაიგეგმა დარბაზი, ანტრესოლი და სხვა სივრცეები.

რაც შეეხება არქიტექტურას, „თეატრი“ წისქვილის კომპლექსის გაგრძელებაა. მისი მთავარი იდეა და კონცეფცია არის ინტერიერიდან ექსტერიერში გადასვლა ღია სივრცეებით. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ თეატრიდან ჩანს ვესტიბიული, ქუჩა, რესტორანი, ლუდის მოედანი. ლანდშაფტის, ექსტერიერის, ინტერიერისა და შიდა ეზოს ერთიან სივრცედ წარმოდგენა და მისი ერთიანი აღქმა ამ კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

რა სივრცეებს მოიცავს „თეატრის“ ნაგებობა და რა არის მათი მთავარი მახასიათებლები?

„თეატრში“ შემოსვლისას სტუმარი პირველად შემინულ ვესტიბიულში ხვდება, რომელიც მავრიტანიული სტილის შეისრული თაღებით გამოირჩევა. ვესტიბიულიდან სტუმარს შეუძლია ქვედა სართულზე – გარდერობში ჩავიდეს. ის ერთგვარ საგამოფენო პავილიონს წარმოადგენს, სადაც უძველესი ქართული არქეოლოგიური ექსპონატების ასლები იქნება გამოფენილი. გარდერობის ინტერიერში ბეტონი, ქართული აგური, ბუნებრივი ქვა გამოვიყენეთ და აქტიური წითელი აქცენტები შემოვიტანეთ.

ვესტიბიულიდან მოხვდებით ძირითად დარბაზშიც, რომელიც 400 სტუმარზეა გათვლილი. ამ სივრცისთვის ავირჩიეთ მინიმალისტური სტილი და კლასიკა მინიმალიზმში. აქ გამორჩეულ და ცენტრალურ ადგილს იკავებს სცენა თავისი მოოქრული ჩარჩოთი და წითელი ფარდით. ძირითად დარბაზში შეამჩნევთ აივანსაც, რომელსაც „ქეთო და კოტეს“ აივანი დავარქვით. ის ხშირად იქნება წარმოდგენის ნაწილი. დარბაზის ძირითად სივრცეში ნახავთ კონსტანტინე სომოვის კომპოზიციასაც, რომლის გამოყენების უფლებაც საგანგებოდ შევიძინეთ. ტილო ერთ მთლიან კედელს იკავებს და, ვფიქრობ, ის დარბაზის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

დარბაზს კიბით უკავშირდება ანტრესოლი, მეორე სართულზე ასევე განთავსებულია მაგიდები და საგამოფენო კედლები. ამ კიბის გასწვრივ არსებული მხატვრობა ვახო მეგრელიშვილსა და მერაბ ჩაკვეტაძეს ეკუთვნით. ეს ხელით შესრულებული ნამუშევარია, ფრესკა, რომელიც პროცესის დროს იქმნებოდა.

რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება „თეატრის“ არქიტექტურაში ფერებს, განათებასა და სხვა კომპონენტებს სივრცის სრულფასოვნად აღქმაში?

„თეატრში“ ფერებს დიდი დატვირთვა აქვს. ჩვენს შემთხვევაში მთავარი კლასიკური თეატრალური ფარდის ფერი წითელია, რომელმაც ასახვა პოვა ავეჯის ფერზე, თაღების ვიტრაჟებსა და დარბაზში არსებულ სხვადასხვა საგანზე.

ჩვენს სივრცეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათებასაც. ის აძლევს რეჟისორს საშუალებას, გარემო შეცვალოს და სასურველი ეფექტი მიიღოს, განსაკუთრებით ისეთ მინიმალისტური სტილის დარბაზში, როგორიც „თეატრია“. ამიტომ სივრცე სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით, რომლითაც ყველანაირი გარემოსა და სიტუაციის შექმნა შეიძლება, დაწყებული აკადემიური წარმოდგენით, დამთავრებული თანამედროვე ტიპის ღონისძიებით. აუდიოსისტემებიც დარბაზის არქიტექტურის გათვალისწინებით შეირჩა და ისეთი ტექნიკით აღიჭურვა, რომ მაქსიმალურად მოხდეს სივრცის სრულად ათვისება და აუდიოინფორმაციის ყველა ზონაში გადანაწილება.

როგორი იყო „თეატრის“ არქიტექტურაზე მუშაობის პროცესი, როგორ განსაზღვრეთ ნაგებობის სტილი?

როცა სივრცის გეგმარებას ვიწყებ, სტილი და ხასიათი წინასწარ არასდროს ვიცი. არ ვიცავ კანონზომიერებას, არ ვუწესებ საკუთარ თავს შეზღუდვებს. ჩემთვის მთავარია პროპორციისა და მასშტაბის დაცვა. ასევე, მომწონს ძველისა და ახლის სინთეზი. ტრადიციული და თანამედროვე მასალების მონაცვლეობით, ძველისა და ახლის გააზრებითა და ბალანსით შეგიძლია გამორჩეული და უნიკალურ გარემო შექმნა. ალბათ, დიზაინერის მიზანიც ის უნდა იყოს, რომ მის მიერ შექმნილ სამყაროს ავტორის ხელწერა ეტყობოდეს.

„თეატრის“ არქიტექტურის შექმნაზე პარტნიორებთან ერთად დიდხანს ვიმუშავე. თუმცა პროცესი, ვფიქრობ, ჯერ არ დასრულებულა, სივრცე ცოცხალი ორგანიზმია და „თეატრიც“, ახალი იდეების შესაბამისად, დროთა განმავლობაში შეიცვლება და განვითარდება.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80