მარიამ როინიშვილი - "თეატრის" შესახებ

მარიამ როინიშვილი

FIbVSUsNzbLN.jpg

მარიამ როინიშვილი დიდი ხანია, რაც კულტურულ სფეროში საქმიანობს. მას მაყურებელი იცნობს როგორც მომღერალს, თუმცა ,,თეატრში” მსახიობის როლის მორგებაც მოუწია. როგორც თავად ამბობს, მსახიობობა არ გაუჭირდა და ,,თეატრის” სცენაზე თავს ძალიან კარგად გრძნობს.

რა ხდის ,,თეატრს", როგორც მრავალფუნქციურ სივრცეს, გამორჩეულს სხვა სახელოვნებო სივრცეებისგან, სადაც აქამდე მიგიღიათ მონაწილეობა?

ყველაფერი, რადგან სცენაზე ვინც ვდგავართ სინთეზურ ჟანრს ვემსახურებით. თუ ყველა კომპონენტი შევსებული და იმ ხარისხის არ არის, რომლითაც მაყურებლის წინაშე წარდგენა გვინდა, მაშინ გამოდის, რომ არაფერია.
აი, მილიონს ერთი თეთრიც თუ აკლია, ესე იგი მილიონი აღარ არის. ჩვენთანაც ზუსტად ეგ ამბავია - ერთი მცირე ნიუანსიც კი მთლიანობას არღვევს.
იცით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?! ვცდილობთ, რომ მაყურებლამდე ერთი მთლიანობა მივიტანოთ, მაგრამ მთავარი ისაა იქიდან რა ენერგეტიკა წამოვა ეს გაცვლითი ენერგიები იმდენად დიდი და ბრჭყვიალაა, რომ მაყურებელსა და ჩემს შორის მსგავსი ძალიან იშვიათად მიგრძნია.

როგორ დაგეხმარათ მუსიკალურ სფეროში დიდი გამოცდილება მორგებოდით ,,თეატრის” სპეციფიკას?

პირველ რიგში, დავიბადე ოჯახში, სადაც მშობლები ამ სფეროსთან ძალიან ახლოს იყვნენ. ეს, თითქოს, თანდაყოლილი იყო და სადღაც უნდა გამეკეთებინა. არ ვიცი, როგორ გამომივიდა, ეს სხვა თემაა. თუმცა, ვფიქრობდი, რომ გამოცდილებიც ფონზე ეს საქმე თავისით გაიკვლევდა გზას და მიხარია, ჩვენს ,,თეატრში", რომ მოხდა.

ჩემთვის ეს ჟანრი ყოველთვის საოცნებო იყო, ჩიკაგო კი საოცნებო მიუზიკლი. ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღება ჩემთვის დიდი პატივია. ასე, რომ ყველაზე მეტად ოჯახის ფაქტორმა და იმ გამოცდილებამ იმოქმედა, რომელიც 33 წლამდე დავაგროვე.

როგორ გამოიყურება მომზადების პროცესი თეატრალური როლისთვის სტანდარტულ მუსიკალურ წარმოდგენასთან შედარებით?

განსხვავებული და ძალიან საინტერესოა. პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ საკონცერტო შესრულებაში მხოლოდ კაბას ირგებ და მაკიაჟს იკეთებ, აქ, რა თქმა უნდა, სიტუაცია სხვანაირია - პირდაპირპროპორციულად როლისკენ ხარ მიმართული.

მგონია, რომ რა როლიც არ უნდა შევასრულოთ, თითოეულ ჩვენგანშია ის რაღაცები ჩადებული და მეტ-ნაკლებად წინ წამოწევას ვცდილობთ - იქნება ეს ცუდი თუ კარგი მხარეები.

თვითონ ეს პროცესი ძერწვას ჰგავს, რადგან ვფიქრობ, აი, ველმას თვალი ასე არ ექნება, იმიტომ, რომ ასეთი ქალია და განსხვავებული პერსონაჟია. იმედი მაქვს, ამბიციურ ნათქვამში არ ჩამომერთმევა. მე პროფესიით მსახიობი არ ვარ, ამიტომ ჩემთვის დიდი გამოწვევა და, ამასთანავე, ძალიან საინტერესო პროცესია. შანსი რომ მქონოდა, აუცილებლად ჩავაბარებდი და ვიქნებოდი მსახიობი.

მიუზიკლ ,,ჩიკაგოში” ველმა კელის როლს ასრულებთ. ველმა რთული პერსონაჟია ბნელი წარსულით. როგორ მიუდექით ამ ასპექტებს თქვენს შესრულებაში და ხომ არ გაგიჭირდათ როლში შესვლა?

რეალურად როლში არც შევსულვარ და არც გამოვსულვარ. ძალიან საინტერესო და ძლიერი პერსონაჟია, ხისტი ხასიათით. რაღაცებში მგავს. ჩემი სისუსტე ხალხში არასოდეს გამომიტანია. ეს პერსონაჟიც მხოლოდ მაშინაა სუსტი, როდესაც მარტო რჩება.

აპარტეზე ამბობს მხოლოდ ორ სიტყვას, ისიც მაშინ, როცა სრულიად მარტოა: ,,ვგავარ მიტოვებულ პატარძალს და არაფერი არ შემიძლია". ხალხში ამას არასოდეს გამოხატავს, მხოლოდ თავად იცის, რომ მარტოა. მისი იარაღ ყველაფრის გადალახვა და თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა - აგრძელებს ცხოვრებას ისე, როგორც მას სურს. ჩემთვის საინტერესო პერსონაჟი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთმანეთს რაღაცებით ძალიან ვგავართ.

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ დასამახსოვრებელი მომენტი, რომელსაც ველმას საკულტო სიმღერებისა და ცეკვის ნომრების შესრულებისას?

ყველაფერი დასამახსოვრებელია. სპექტაკლის პირველივე სცენა ველმათი იწყება და ის წამები, სანამ გავალ, სცენაზე დავდგები და თვალს მაყურებლის წინაშე გავახელ, ერთგვარად შიშის და ბედნიერების მომტანიცაა. მერე ხანდახან სცენიდან გამოსვლა აღარ გინდა, რადგან მისი ნაწილი ხდები.

მსგავსი შეგრძნება იშვიათად მაქვს. როგორც წესი, ძირითადად სცენიდან გავრბივარ. ხშირად მიფიქრია, ღმერთო, ახლა აქ არ ვიყო და ნეტავ, გავიქცე კულისებიდან. ეს არ გამიკეთებია, თუმცა ხშირად მნდომებია. ეს ის შემთხვევაა, როცა გაქცევა კი არ მინდა, პირიქით, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

შესაბამისად, იმ წამიდან, როდესაც გავდივარ სცენაზე ყველაფერი დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი ხდება. ადამიანები არიან ჩემს გვერდით, რომლებიც მაბედნიერებენ და რომელთან ერთადაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. როდესაც ასეთი ადამიანები გყავს, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

რა ახალი გამოცდილება მიიღეთ ,,თეატრში”, რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებთ სამომავლოდ როგორც ხელოვანი?

უდიდესი გამოცდილება მივიღე და გამოცდილებასთან ერთად გამიმძაფრდა სურვილი ხშირად ვითამაშო მიუზიკლში. ჩემნაირი მომღერლისთვის ცოტა უცნაურია, რადგან მე ოპერაშიც ვარ და იქაც ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება, თუმცა მიუზიკლის ხიბლი აბსოლუტურად განყენებულია ჩემთვის და ასეც იქნება. მე თუ დავჭირდები რეჟისორებს, როგორც მიუზიკლის მსახიობი, ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები, ძალიან დიდი ენთუზიაზმით, სიხარულითა და სიყვარულით იმიტომ რომ, ეს არის ჩემთვის უდიდესი ბედნიერება.


  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80